სამართალი
"პატიმარი არის ნაცემი" - დეპუტატ ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

 

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს ჩაინიშნა. 

პროკურორი გრიგოლ კაპანაძე 7 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რობაქიძის ადვოკატი კი ამბობდა, რომ აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არ არსებობს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია და ეს ფაქტი უნდა გამოიძიონ. ადვოკატმა როლანდ შონიამ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, თუმცა მარიკა ჩიტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის უთანხმოება 14 იანვარს, ბაკურიანში 25-იანებში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ადვოკატის თქმით, რობაქიძის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია, ამას არც ერთი მოწმე ადასტურებს, თუმცა აღიარებს, რომ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რისთვისაც სასამართლოზე ბოდიში მოიხადა.

"მით უმეტეს, ოხანაშვილის მცირეწლოვანი შვილების მიმართ მსგავსი არაფერი ყოფილა. აგრესია იყო ანრის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ და როცა რობაქიძე ეუბნებოდა, თქვენ დასახოცები და დასაჭერები ხართო, გულისხმობდა "ქართულ ოცნებას" და არა ანრის ოჯახსა და შვილებს", - განაცხადა სასამართლოზე როლანდ შონიამ.

ამის გარდა, ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ დაკავებულს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

"შერჩევითი მართლმსაჯულებაა და მარტო იმიტომ უმძიმებენ ბრალს, რომ ოხანაშვილს მიაყენა შეურაცხყოფა. თავად ანრი ხელმძღვანელობდა დაკავებულის წამების პროცესს. მიყვანისთანავე სცემეს, ამ ხუთი დღის განმავლობაში იყო მშიერი, ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, ყოველ დღე დადიოდა სასწრაფო, ამის მიუხედავად არ გადაიყვანეს საავადმყოფოში".

ვახტანგ რობაქიძემ უკვე გაატარა სამი დღე საპატიმროში. მას ადმინისტრაციული პატიმრობა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის შეეფარდა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 
დაკავებულის პირველი ინტერვიუ სასამართლოს შემდეგ

| Print |