სამართალი
"ექვსი დღე საკანში მაწამეს"- ვახტანგ რობაქიძის შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ვახტანგ რობაქიძისადმი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე, გამოძიება დაიწყო. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული მამაკაცი ამბობს, რომ დაკავებისას აღიარებითი ჩვენების მისაღებად მასზე ზეწოლა განახორციელეს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს რობაქიძემ თავად მიმართა. მისი დაკითხვა დღეს ერთ საათს გაგრძელდა. 

"რამოდენიმეჯერ ვცადე ალკო ტესტში ჩაბერვა, თუმცა შკალები არ ივსებოდა და ამ დროს გაღიზიანებულმა პირმა მუცელში ჩამარტყა. დამეწყო სისხლდენა და მოვითხოვე სასწრაფო, თუმცა არ გადამიყვანეს საავადმყოფოში. უამრავი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა. 6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად, უჭმელი ვიჯექი,"
-განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ დაკითხიდან გამოსვლის შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს ბაკურიანში, 25-იანებში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ვახტანგ რობაქიძე პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით, სამი დღით დააკავეს. მოგვიანებით რობაქიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას ხულიგნობას და მუქარას ედავებიან. 19 იანვარს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 7 000 ლარიანი გირაო განუსაზღვრა. რობაქიძე ამბობს, რომ "ოხანაშვილის
პირადი პატიმარია".
| Print |