სამართალი
ახალქალაქში, ქორწილში სამი მამაკაცი დაჭრეს

 

ქალაქ ახალქალაქში, ქორწილში მომხდარი ჩხუბის დროს, სამი ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ექვს თებერვალს, საღამოს მოხდა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. დაჭრილები 21, 23 და 26 წლის, სოფელ კუმურდოს მკვიდრები არიან. ერთ მათგანს ჭრილობა ღვიძლის არეში აქვს მიყენებული, ორს კი გულ-მკერდის მიდამოში. პაციენტებს ასევე აღენიშნებათ კუჭის და ნაწლავების დაზიანებები.

სამივე მათგანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც ოპერაციები წარმატებით ჩაუტარდათ, ერთ-ერთ ახალგაზრდას გული გაუჩერდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ორი დაჭრილის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. ერთი პაციენტი ახალქალაქის კლინიკაში რჩება. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირება კამათით დაიწყო, რაც ქორწილში ხშირად ხდება, თუმცა ამჯერად ჩხუბი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. რა გახდა ჩხუბის მიზეზი, თვითმხილველებისთვის უცნობია.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი არ მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

| Print |