სამართალი
"ჩემი შვილი გვიმალავდა, რომ ქმარი ძალადობდა" - მსხვერპლის მამა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მცხოვრები ქალი, რომელსაც მეუღლე ნაჯახისა და იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე არ საუბრობს.

მომხდარზე საუბარი უჭირთ სვირელებსაც, რადგან ორივე მათგანი  - ბრალდებულიც და დაზარალებულიც, სვირის მკვიდრია.

თანასოფლელები ცოლსაც და ქმარსაც დადებითად ახასიათებენ, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახში უთანხმოება ძირითადად, მამაკაცის არაფხიზელი მდგომარეობის გამო იწყებოდა.

ასეთ დროს კი ქმარი ცოლს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 5 თებერვალს მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი სიკვდილს ნათესავმა გადაარჩინა.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, მამაკაცი ცოლს ნაჯახით გაეკიდა და მოკვლით დაემუქრა, რა დროსაც თვითმხილველმა პოლიციაში დარეკა.

44 წლის მამაკაცი, რომელიც ამ დროისთვის საპატიმროშია, წარსულში იმავე დანაშაულისთვის დაკავებული ერთხელ უკვე იყო. მომხდარის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდა, ამ საქმის გამო, მამაკაცზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემაკავებელი ორდერიც გამოსცა.

ცოლსა და შვილზე ძალადობისთვის დაკავებულის მშობელმა შვილის დანაშაული ჯანმრთელობის პრობლემებით ახსნა.

მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე წელი დაკავებული მამაკაცი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული.

| Print |