გოგოს მოტაცებისთვის ნინოწმინდაში სამი პირი დააკავეს
12:21 / 09.03.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას და ვიდეომასალას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.