სამართალი
,,არ ვაღიარებ იმ დანაშაულს, რომელიც არ ჩამიდენია" - ვახტანგ რობაქიძე
ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 მარტს პირველი სხდომა გაიმართა.

,,არ ვაღიარებ დანაშაულს, რადგან არ ჩამიდენია. ვისჯები ოხანაშვილის პირადი ინტერესების გამო“ - ამ განცხადებით დაიწყო ვახტანგ რობაქიძემ თავისი გამოსვლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.

საქმეს მოსამართლე ლუიზა თოდუა განიხილავდა. ბრალდების მხარეს გიორგი აღლემაშვილი წარმოადგენდა, ვახტანგ რობაქიძის ინტერესებს ადვოკატი როლანდ შონია იცავს.

დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა. არგუმენტად კი ოხანაშვილის მოადგილის მეუღლესთან, ასევე მოსამართლე ნინო მამულაშვილთან ლუიზა თოდუას მეგობრობა დასახელდა.

,,თქვენ ხართ დავით მათიკაშვილის ცოლის, ასევე მოსამართლე ნინო მამულაშვილის მეგობარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებთ, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთეთ და ორჯერ დაკავებულ და ორჯერვე დაპატიმრებულ რობაქიძეს, რომელმაც გირაო 7 ათასი ლარი გადაიხადა, დაუსწრებლად შეუჩერეთ პასპორტის მოქმედება“ - აღნიშნა ადვოკატმა როლანდ შონიამ.

დაცვის მხარის მოთხოვნა გააპროტესტა პროკურატურამ. გიორგი აღლემაშვილის თქმით, საკითხი არგუმენტებსა და გარემოებებს იყო მოკლებული. რაც შეეხება პასპორტისა და ID ბარათის შეჩერების საკითხს, პროკურორმა განაცხადა, ,,მხოლოდ მაშინ მოვითხოვეთ შეჩერება, როცა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით საფრთხე დავინახეთ“.

დაცვის მხარის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ასევე არ დაკმაყოფილდა პროკურორ გრიგოლ კაპანაძის მოწმედ დაკითხვისა და ვახტანგ რობაქიძის უდანაშაულოდ ცნობის საკითხიც, რაც ასევე გააპროტესტა პროკურატურამ.

სხდომის დასასრულს ვახტანგ რობაქიძემ აღნიშნა, რომ მასზე პოლიტიკური პირების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

მომდევნო სასამართლო სხდომა 25 მარტს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს ბაკურიანში, 25-იანებში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ვახტანგ რობაქიძე პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით, სამი დღით დააკავეს. მოგვიანებით რობაქიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას ხულიგნობას და მუქარას ედავებიან. 19 იანვარს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 7 000 ლარიანი გირაო განუსაზღვრა. რობაქიძე ამბობს, რომ ,,ოხანაშვილის პირადი პატიმარია".


ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რომელიც ხულიგნობასა და მუქარას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
| Print |