სამართალი
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, სადაც განმარტეს, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მომპყრობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.

ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

ირკვევა, რომ კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

primetime.ge

 

| Print |