სამართალი
არასრულწლოვან შვილზე და მამაზე ძალადობისთვის, ადიგენში მამაკაცი დააკავეს

 

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ედება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |