სამართალი
პოლიციის უფროსზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება განესაზღვრა

 

ვალეს პოლიციის განყოფილების უფროსის ცემისა და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა. სხდომა დისტანციურად დღეს, 29 მაისს გაიმართა. აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ქალაქ ვალეში მცხოვრები, 44 წლის ზ.კ. 26 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, განყოფილების უფროსს კი ფიზიკურად გაუსწორდა, ლევან ბერიძეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. პროკურორის თქმით, პოლიციის უფროსი კედელს მიაჯახა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმას არ ეთანხმება. ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ დაკავებულს ინცინდენტის დეტლები არ ახსოვს, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებული ადვოკატს მოუყვა, რომ სურდა პოლიციის უფროსი სახლში, სუფრაზე დაეპატიჟებინა და განყოფილებაში ამიტომ მივიდა. უფლებადამცველს ვიდეოკამერის ჩანაწერები ჯერ არ უნახავს.

მოსამართლის კითხვაზე: ფიზიკურ დაპირისპირებამდე რატომ თქვა ფრაზა „თქვენ გამიმწარეთ სიცოცხლე“, ხომ არ ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ადგილი შეურაცხყოფას, ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი არაფერი მომხდარა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დაკავების შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფხაზეთის ომის მონაწილეა.

შემთხვევის თვითმხილველები სამართალდამცველები და ის ადგილობრივები არიან, რომლებიც ამ პერიოდში განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.

 


| Print |