სამართალი
თუ ოჯახი არაფერ შუაშია, მაშინ რატომ არ ითხოვს ჩვენთან ერთად გამოძიებას - გოკიოში გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა დასახმარებლად უფლებადამცველებს მიმართეს
ახალქალაქის სოფელ გოკიოში გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა დასახმარებლად კავშირ საფარს მიმართეს. ისინი ფიქრობენ, რომ 35 წლის ქალს თავი არ მოუკლავს.  ეჭვის საფუძველს კი ქალის სახეზე არსებული დაზიანებები და ოჯახის დუმილი აძლევთ. გარდაცვლილი ე.ტ.-ს მამიდაშვილის თქმით, ქმრის ოჯახი არ ინტერესდება რა გახდა ქალის თუნდაც თვითმკვლელობის მიზეზი. ნორა დავლაშერიძე ამბობს, რომ ქალის ოჯახი სასამართლო პროცესის ახალქალაქიდან ახალციხეში გადმოტანასაც ითხოვს.

,,საეჭვოა, რომ ქმრის ოჯახი არ ითხოვს დეტალებში გარკვევას, თუნდაც თვითმკვლელობა იყოს, რატომ არ ინტერესდება რა გახდა ამის მიზეზი. მოწმენდილ ცაზე ბედნიერი ქალი თავს არ იკლავს. როცა არვიცით ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე, არ უნდა იყოს ქმრის ოჯახი დაინტერესებული სიმართლის გარკვევით? როცა ჩვენ ვამბობთ, რომ თვითმკვლელობა არ იყო - გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობაა და მორჩა, საქმე დაიხურაო.

გვითხრეს, რომ ცოლ-ქმარი შევიდა დასაბანად, გამოვიდა ქმარი და თქვა, რომ ცოლი დარჩა აბაზანის მოსაწესრიგებლად.  ცოლს რომ შეაგვიანდა, 10 წლის ბავშვი გააგზავნა და მერე ხან ის ითქვა, ჩამოკიდებული იყოო და ხან ის, რომ ძირს იყოო. განსხვავებული პასუხები ვრცელდება, რაც ეჭვს კიდევ უფრო გვიძლიერებს.

ყელზე რომ ჰქონდა, იმ თოკზეც თქვეს, ჩვენი არ არისო. სახეზეც დაზიანებები ჰქონდა. თუ ოჯახი არაფერ შუაშია, მაშინ რატომ არ ითხოვს ჩვენთან ერთად გამოძიებას, იქნებ ვინმე სხვა აშანტაჟებდა ამ ქალს. ამიტომ არ გვჯერა თვითმკვლელობის ვერსიის.

ასევე მოვითხოვთ, ახალციხეში მოხდეს საქმის განხილვა და არა ახალქალაქში, რადგან ქმარი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია და შეიძლება პროცესებზე გავლენა მოახდინოს, ესეც არის მიზეზი, რის გამოც ,,საფარს" ვთხოვეთ დახმარება"
- გვითხრა გარდაცვლილის მამიდაშვილმა ნორა დავლაშერიძემ.


1 ივნისის ღამით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოში, 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება, თუმცა, თანასოფლელების თქმით, ქალს თვითმკვლელობისთვის არავითარი მიზეზი არ ჰქონია. გარდაცვლილის ნათესავები ეჭვქვეშ აყენებენ გამოძიების პირვანდელ ვერსიას, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა. მათ ეჭვს ადასტურებს გარდაცვლილის შუბლზე სისხლჩაქცევები.

ე.ტ. სკოლის პედაგოგი იყო, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შსს-მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა.


შეიძლება, დაგაინტერესოთ

ახალქალაქში ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ვერსიას ნათესავები არ ეთანხმებიან
| Print |