სამართალი
კიმ კუგოიანის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
კიმ კუგოიანს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების გამო შეუფარდა, რასაც მისი ახლობლების პროტესტი მოყვა. jnews - ის ინფორმაციით, ისინი ახალქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებასთან შეხვედრა მოითხოვეს. 

დაკავებულის მშობლები და ნათესავები აცხადებენ, რომ კუგოიანი დამნაშავე არ არის და ის ციხეში სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებული მაღალჩინოსნების ინტერესის გამო მოხვდა. კუგოიანის ახლობლები ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებენ ბრალს, მოსამართლე არარატ ესოიანს კი მიკერძოებაში.

მათივე თქმით, დაკავებულს იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თვამჯდომარე ნაირ ირიციანი შეხვდნენ.

გირაოთი გათავისუფლებული კიმ კუგოიანი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. იგი დაკავებული არ არის და ამ დრომდე იძებნება. რამდენჯერმე ნასამართლევი კიმ კუგოიანი 2019 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააკავეს. სამართალდამცველებისთვის ის კრიმინალური ავტორიტეტია, ახლობლებისთვის კი უდანაშაულო ადამიანი, რისთვისაც მის გასათავისუფლებლად საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.







| Print |