სამართალი
ახალციხის ბიუჯეტს 40 ათასამდე ლარის ანაზღაურება მოუწევს
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების სასარგებლოდ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი ახალციხის მერიამ სამსახურში უნდა აღადგინოს და განაცდურის აუნაზღაუროს. ამის შესახებ ოფიციალური წერილი დაზარალებულებმა 25 ივლისს მიიღეს.

თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატიდან 2017 წლის 1–ელ დეკემბერს გაათავისუფლეს. პოზიცია, რომელიც მათ ეკავათ, მერიის თანამშრომლებმა დაიკავეს, ყოფილ თანამშრომლების კი თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარეს.

თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატში ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღადგინა. მოგვიანებით ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკრებულოს ინტერესებს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი იცავდა. ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ახალციხის მერიას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში სდებენ ბრალს.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი მერიისა და საკრებულოს გაერთიანებამდე საკრებულოს აპარატში მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდნენ.

ეკა ტატალაშვილის განცხადებით, ,,წესით, ვინც მიიღო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მან უნდა გადაიხადოს თავისი ჯიბიდან. მისი უკანონო გადაწყვეტილების გამო ბიუჯეტი არ უნდა და ზარალდეს“ - ამბობს საკრებულოს დაზარალებული თანამშრომელი.

2020 წლის ივლისის ჩათვლით, თითოეული მათგანის განაცდური 32 თვეა, რაც ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა საშუალოდ 20 -20 ათასი ლარია.

ახალციხის მუნიციპალიტეტს საკრებულოს გათავისუფლებული თანამშრომლების გარდა მერიის ყოფილი თანამშრომლებიც უჩივიან. მათ შორის ერთ-ერთია სოფიო შევჩენკოც, რომლის საქმესაც ასევე უზენაესი სასამართლო იხილავს.

| Print |