8 მწყემსი და თორიას 3 მკვიდრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
16:03 / 26.08.2020
რვა მწყემსი და სამი სოფელ თორიას მაცხოვრებელი, ნინოწმინდის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს გაიმართება.
სოფელ თორიას მცხოვრებლებსა და მომთაბარე მწყემსებს შორის დაპირისპირების გამო, 23 აგვისტოს, სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს. დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური ძალადობის მუხლებით დაიწყო.
დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით თორიას მოსახლეობა ნინოწმინდის პოლიციასთან, 24 აგვისტოს შეიკრიბა.
სამცხე–ჯავახეთში მომთაბარე მწყემსებთან დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მომთაბარე მწყემსების მიერ რეგიონში გადმორეკილი პირუტყვის გამო საძოვრების პრობლემას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მსგავსად, ახალციხის სოფლების მოსახლეობაც აპროტესტებს.