სამართალი
საკუთარი საფლავის იძულებით გათხრის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საფლავის იძულებით გათხრაში ბრალდებულებს, დღეს 27 აგვისტოს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე ლუიზა თოდუამ განიხილა. პროკურორმა გელა მაღრაძემ, ორივე ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა. მისი განმარტებით,

,,22 აგვისტოს, ე.წ. ხიზების ტყესთან მომხდარ ფაქტში 1965 წელს დაბადებული კუკური პლაჭიაშვილისა და 1986 წელს დაბადებული ირაკლი გოგალაძეს გარეთ ყოფნა ერთის მხრივ საფრთხეში ჩააგდებს დაზარალებულ ოჯახს და მეორეს მხრივ, ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე, რადგან თანასოფლელები არიან".

დაკავებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ ორივე მათგანი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ნინო დემეტრაძის თქმით,
,,ირაკლი გოგალაძე შემთხვევით გაერია მომხდარში. ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა საკუთარი ნებით ავტომობილში ჩამჯდარ დაზარალებულს, კუკური პლაჭიაშვილმა ხელის გარტყმა დაუპირა. გოგალაძემ, პირიქით პლაჭიაშვილი შეაჩერა".

რაც შეეხება კუკური პლაჭიაშვილს, ადვოკატის თქმით, იგი თავს დამნაშავედ ცნობს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.

,,მდგომარეობიდან გამოვიდა, რადგან მურადაშვილი არაერთხელ იყო შემჩნეული ქურდობაში. მითუმეტეს ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან დაზარალებულის წამებას, გატიტვლებასა და იძულებას. რაც შეეხება საფლავის გათხრას, თავად კუკურიმ დაკრა ბარი მიწას რამდენჯერმე, მურადაშვილის შეშინების მიზნით, რომ მეტჯერ აღარ მოეპარა მისი სახლიდან ფული და სხვადასხვა ნივთი. უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, ასპინძის პოლიციაში მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა".


მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით 7-დან 10 - წლამდე. ასევე ორივე მათგანს ბრალი ედება. 

126-ე
პირველი პრიმა მუხლის ბე ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ ძალადობას ჩადენილს ჯგუფურად და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე.

და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ბე ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს იძულებას ჯგუფურად ცადენილს და ისჯება გამოსასწორებელი სამუშაოთი 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით.

პლაჭიაშვილი და გოგალაძე შსს-ს თანამშრომლებმა, 37 წლის კაცის გატაცების ბრალდებით დააკავეს.

საქმე ეხება ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში, 22 აგვისტოს მომხდარ ფაქტს. ხიზაბავრაში მაცხოვრები მანუჩარ მურადაშვილის თქმით, დაკავებულებმა მას აიძულეს, საკუთარი საფლავი თავად გაეთხარა. ძალადობის მიზეზი 380 ლარი იყო, რომლის მოპარვასაც ყოფილი რწმუნებული მურადაშვილს აბრალებდა. საბოლოოდ კი მას გადასახდელად 590 ლარი მოსთხოვეს.

ორივე დაკავებულისთვის ადვოკატმა გირაოს სახით 10 -10 ათასი ლარი მოითხოვა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემდეგი პროცესი 20 ოქტომბერს გაიმართება.
| Print |