სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ცოლ-შვილზე მუქარისთვის სკოლის დირექტორი დააკავეს
რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლის დირექტორი სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება მას ოჯახის წევრების მიმართ მუქარას ედავება. 

შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან ჯერ ხმამაღალი საუბარი ისმოდა, მოგვიანებით მათთან საპატრულო ეკიპაჟი მივიდა.
მომხდარის შესახებ თანამშრომლებმა დღეს, 24 სექტემბერს შეიტყვეს, როცა დირექტორი სკოლაში არ მივიდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს - 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებაზე არ უმსჯელია. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჯერ არც სხდომაა ჩანიშნული.
| Print |