სამართალი
"გაზი მანდ არაფერშუაში უნდა იყოს, ველოდებით ექსპერტიზას" - ინტერგაზის დირექტორი
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების მიზეზს ექსპერტები იკვლევენ. პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონმა. თუმცა "ინტერგაზის" დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა აფეთქების მიზეზი ეს არ იყოს. ვასილ აბულაძის თქმით, სარდაფში აფეთქებას ბუნებრივი აირის გაჟონვა ვერ გამოიწვევდა, რადგან აქ გაზის ქსელი საერთოს არ არის.

"ჯერ არვიცით რა მოხდა, ექსპერტიზას ველოდებით. ჩვენ გაზის ქსელი სარდაფში არ გვაქვს. გაზი მანდ არაფერშუაში უნდა იყოს, ვნახოთ რას დაადგენს ექსპერტიზა"
- აცხადებს ინტერგაზის დირექტორი ვასილ აბულაძე.

გუშინდელი აფეთქების გამო, ბუნებრივი აირი რუსთაველის ქუჩაზე სამ კორპუსს არ მიეწოდება, გაზის გარეშე ამ დროისთვის 150-მდე ოჯახია დარჩენილი. "ინტერგაზის" დირექტორის თქმით კომპანია ალტერნატიული გზების ძიებაშია, თუ როგორ მიაწოდონ მიმდებარე ორ კორპუსს ბუნებრივი აირი.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ქუჩაზე აფეთქება 24 დეკემბერს მოხდა. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი დაშავებული გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით იძიებს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |