სამართალი
დაკავებულის ოჯახს პოლიცია იცავს - ნარინე გინოსიანი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი.

ადგილობრივების თქმით, სათხაში ახალ წელს დატრიალებული ტრაგედია წლების წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. ორ ოჯახს შორის დაწყებული კონფლიტს უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა.

„როგორც ვიცი ათ წელზე მეტია კონფლიქტი აქვთ. ეს ბიჭი ვინც მოკლა, მისი ძმა 20 წლის წინ შემთხვევით მანქანის ძარიდან გადავარდა და დაიღუპა. მაშინ ამ ბიჭის ბიძა იყო მძღოლი. ვერ შერიგდნენ ოჯახები, ამის შემდეგ სულ კონფლიქტში იყვნენ. გუშინ არვიცი რა მოხდა, დალია ორივე მხარემ როგორც ვიცით, შეხვდნენ ერთმანეთს შემთხვევით ქუჩაში. იარაღი ჰქონდა იმ ბიჭს და წაკამათდნენ, რატო მოკლა ბიძაშენმა ჩემი ძმაო. ესროლა და მორჩა. დაჭრილებიც არიან მეორე მხარეს" - ამბობს ადგილობრივი ნარინე გინოსიანი.

შემთხვევა სოფელ სათხაში ახალგაზრდების შეკრების ადგილზე მოხდა. თანასოფლელების თქმით, დაკავებულის სახლთან პოლიცია ახლაც დგას, რადგან მას სახლი არ გადაუწვან.

შსს მოხდარს სსსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით იძიებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული ო.პ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები - 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 1996 წელს დაბადებულმა მ.ი.-მ.

ს.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ბრალდებული ო.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
| Print |