ნინოწმინდაში ქვეითს მანქანა შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაბა ნინოწმინდაში. ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარია დღეს, 9 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის თქმით, საშუალო ასაკის მამაკაცს კვლევები ახლა უტარდება.
„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტი კონტაქტურია, სხვა კლინიკაში გადაყვანა არ იგეგმება. ახლა ტომოგრაფია უნდა გადავუღოთ და დიაგნოზს ამის შემდეგ დავსვამთ“, - გვითხრა ალექსანდრე თოროიანმა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანება გამოიწვია.