სამართალი
ახალქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის შვილისთვის გამოწერილი ჯარიმა, სააპელაციოში გაასაჩივრეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მელიქ რაისიანი სამართალდამცველების მიერ, მისი შვილისთვის გამოწერილ 2 000-ლარიან ჯარიმას ასაჩივრებს. ოჯახის ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა. რაისიანები მიიჩნევენ, რომ ჯარიმა არაკანონიერად გამოუწერეს.

„ინფორმაცია არ მაქვს, როდის მოახდენენ სარჩელზე რეაგირებას. მითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ. თუ არ დააკმაყოფილეს სარჩელი, მაშინ ისევ სასამართლოს მივმართავთ. ჯარიმა უკანონოდაა დაწერილი და ამას დავამტკიცებთ“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ ავთო თელიაშვილმა.

კარლოს რაისიანი "კომენდატის საათის" დარღვევისთვის ახალქალაქში, 23 დეკემბერს დააჯარიმეს და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. ბრალდებულის მამის მელიქ რაისიანის მტკიცებით, მის შვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. კარლოს რაისიანი 10-დღიანი პატიმრობიდან 3 იანვარს გათავისუფლდა. ადვოკატი ამბობს, რომ რაისისანი „კომენდანტის საათის" დროს სახლის წინ, ეზოში იმყოფებოდა. კანონში კი არ წერია, რომ ღამის საათებში კარის ზღურბლთან ყოფნა კანონდარღვევაა.

| Print |