სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპატრიარქოსთვის გადაცემული 13 ნაკვეთიდან, ერთი უკანონოა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელსა და კიკიბოში მაცხოვრებელი 13 მუსლიმი პირის საჩივრიდან, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. 17 თებერვლის გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად სცნო ყველა აქტი, რომლის საფუძველზეც ქვაბიჯვარში, ეკლესიისთვის გადაცემული 7 ჰექტრიდან, 4 500 კვ.მ.-ს საპატრიარქოს აკუთვნებდა. 

"ამ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია მოხდა, მისი უტყუარი ადგილმდებარეობა დადგინდა. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების ლოგიკა. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მოქალაქის საკუთრების უფლება დაირღვა ადმინისტრაციული აქტებით, რომლის საფუძველზეც ერთი პირის მფლობელობაში არსებული 4 500 კვ.მ. მიწა საპატრიარქოს გადაეცა", - გვითხრა მოსარჩელეების ადვოკატმა მერი აგაპიშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ამ მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

დანარჩენი 12 მოსარჩელე საპელაციოს გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას იდევ ერთხელ მოითხოვს.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს 15-მდე გლეხი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა. სარგებლობაში კი 90-იან წლებში, მიწის რეფორმის დროს გადასცეს. ტერიტორია საპატრიარქომ 2018 წელს დაირეგისტრირა. მოსახლეობა ამბობს, რომ მიწის გასხვისების შესახებ იმავე წლის სექტემბერში შეიტყვეს, როცა სასულიერო პირებმა დარეგისტრირებული ტერიტორიის შემოღობვა დაიწყეს.

ადგილობრივებმა მთავრობის ეს გადაწყეტილება ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს. გია ბერაიას 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტერიტორია საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა. ეს გადაწყვეტილება მუსლიმებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.

მოსარჩელეთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. ადმინისტრაციულ სარჩელზე მოპასუხე მხარეს საჯარო რეესტრი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა წარმოადგენდნენ. საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საპატრიარქო.
| Print |