სამართალი
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი ექთნის, 28 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა.

18 მარტს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. 19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158.
| Print |