სამართალი
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი სამმართველოში არ შეუშვეს
გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო ისტორია მხოლოდ გუშინ, 22 მარტს მიიღო. უფლებადამცველი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მედდის გარდაცვალებიდან მეხუთე დღეა გასული და გამოძიებას ეს დოკუმენტაცია ახალციხის კლინიკიდან ამ დრომდე არ ჰქონდა ამოღებული. 

იმის გამო, რომ ადვოკატს საქმის მასალები არასრულად მიაწოდეს, ვახტანგ ბარამაშვილმა გადაწყვიტა, სამცხე-ჯავახეთს სამხარეო სამმართველოში მისულიყო და მთლიანი დოკუმენტაცია მოეპოვებინა. დაზარალებულის უფლებადამცველი შენობაში არ შეუშვეს. როგორც მას გამოძიებლებმა განუმარტეს, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინრეობდა და ვერ მიღებდნენ.

რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ვახტანგ ბარამაშვილმა სამცხე-ჯავახეთს სამხარეო სამმართველოს შენობა დატოვა.

რატომ არ უშვებდნენ ადვოკატს სამმართველოს შენობაში და რატომ არ იყო სამედიცინო ისტორია დღემდე ამოღებული - კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. პრესსამსახურში ამ საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმის შესწავლისთვის სამედიცინო ისტორიაა აუცილებელი, როგორც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის, ისე ახალციხის კლინიკა "იმედის". 

ვახტანგ ბარამაშვილი კითხვებზე - რა სახის დახმარება აღმოუჩინეს მედდას და როგორი იყო მისი ანალიზები, პასუხს ამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღებს. 

„ახალციხის სამედიცინო ისტორიის ის ნაწილი, რომელიც მე გადმომეცა იმდენად არასრულია, რომ აქედან შევსებული ფორმა 100 სამედიცინო ისტორიაზე ბევრად უფრო ვრცელია“, - განმარტავს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

28 წლის ექთანი დღეს, 23 მარტს დაკრძალეს.


| Print |