სამართალი
გარდაცვლილი მედდის საქმეზე "მეცხრე არხის" თანამშრომლები გამოკითხეს
დაახლოებით, სამსაათნახევარი მიმდინარეობდა "მეცხრე არხის" თანამშრომელთა გამოკითხვა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში. ახალციხის კლინიკა "იმედის" მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გარემოებებს თბილისიდან ჩამოსული გამომძიებლები იკვლევენ. ძირითადი კითხვები, რომლებიც ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუსვეს, ახალციხის კლინიკა "იმედში" ვაქცინაციამდე არსებულ ვითარებას, გარდაცვლილი მედდის აცრის პროცესსა და ინტერვიუს ჩაწერის დეტალებს შეეხებოდა. სწორედ მათ ჩაწერეს მეგი ბაქრაძის ინტერვიუ მას შემდეგ, როცა მედდას "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს.

სამართალდამცველებმა ნინი ბერიძე და რამაზ ალავიძე 25 მარტს გამოკითხეს. საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კლინიკა "იმედის" თანამშრომლებიც. პროცესი მესამე დღეა მიმდინარეობს.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |