სამართალი
გარდაცვლილი მედდის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება - პროკურატურა
გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.

პროკურატურის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.

ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი რამდენიმე დღეა ამბობენ, რომ საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ

28 წლის მედდა, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ახალციხიდან თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |