სამართალი
სასამართლო ცრუ ჩვენებაში ბრალდებული ექიმების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

 

ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორი ექიმისა და ერთი ექთნის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრისთვის, სასამართლო სხდომა დაიწყო. პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. იმუნიზაციის კაბინეტის ექიმის ვიოლეტა ინასარიძისა და ექთან თეა გზირიშვილის ინტერესებს ადვოკატი შალვა გოგოლაძე იცავს. ის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა, საიდანაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან ერთად, პროცესს ონლაინ ესწრება. გოგოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად ბრალდებულებისთვის სამ-სამი ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს. პროკურატურამ კი სამივე პირისთვის გირაოდ 5-5 ათასი ლარის შუამდგომლობა დააყენა. 

შვიდ აპრილს, საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით ორ ექიმს და ერთ ექთანს, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალციხელი მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
| Print |