სამართალი
შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს
ბორჯომში, დედის მიერ შვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. 70 წლამდე ქალი, მოსამართლის გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ქალბატონს ესაჭიროებოდა ფსიქიატრიულში მკურნალობა, ამიტომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება გადაეყვანათ იქ და მკურნალობა დაეწყო“, - ამბობს ბრალდებული ქალის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

კონფლიქტი, რა დროსაც დედამ შვილი მოკლა, ახალი წლის ღამეს, ვაშლოვანას დასახლებაში მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 41 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა. მას ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, შვილი დედაზე სისტემატურად ძალადობდა და სავარაუდოდ, მკვლელობის მიზეზიც ეს გახდა.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებდა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
| Print |