სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება - გოდერძი კუბლაშვილი კუთვნილ ნივთს ვერ იბრუნებს
ადიგენის მკვიდრი, 2020 წლის არჩევნებზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენი არ სრულდება და თავის კუთვნილ ნივთს ვერ იბრუნებს.

საქმე ეხება 2020 წელს მომხდარ ქურდობას, როცა კუბლაშვილს ავტომანქანის ჩასაბმელიანი ვაგონი მოპარეს. პოლიციამ ნივთს ბაკურიანში მიაგნო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაგონი მის მფლობელს უნდა დაბრუნებოდა. კუბლაშვილი ამბობს, რომ ნივთის წამოღება 20 აპრილს სცადა, თუმცა ვერ დაიბრუნა. ამიტომ თავს დაჩაგრულად თვლის და აცხადებს, რომ მისი უფლებები დაირღვა და ეს არ არის პირველი შემთხვევა.
კუბლაშვილმა განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს და პრემიერ-მინისტრს. ის პროკურორისა და გამომძიებლის მიმართ დისციპლინური მოკვლევის დაწყებას ითხოვს. ამ მოთხოვნით სამცხე-ჯავახეთის პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენის აღსრულება მათ კომპეტენციაში არ შედის. გელა მაღრაძის თქმით, განაჩენის მიხედვით, კუბლაშვილს ვაგონი პირვანდელი მდგომარეობით უნდა დაუბრუნდეს.

„ახლანდელმა მეპატრონემ ვაგონი იყიდა ჯართში, რადგან ჯართში იყო ჩაბარებული (ქურდს, რედ.) და მოახდინა მისი კეთილმოწყობა. შიგნით ხის კონსტრუქციები გააკეთა. რამდენადაც ვიცი, მეპატრონე თანახმაა, რომ დაუბრუნოს, ოღონდ მის მიერ გაკეთებული ნივთები უკან ამოიღოს. რადგან ამაზე ვერ თანხმდებიან, მაშინ სამოქალაქო წესით, სასამართლოში უნდა ედავოს“.

გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენში მსგავსი ჩანაწერი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მეპატრონე ვაგონში კონსტრუქციებს ახსნის, ობიექტი დაზიანდება.

გელა მაღრაძე ამბობს, რომ აღსრულების საკითხში პროკურატურა ვერ ჩაერევა, რადგან ეს უფლებამოსილება პროკურატურას არ გააჩნია.

„პროკურატურა ამ საქმეში არის ჩვეულებრივი მხარე, როგორც დაზარალებული ითვლება დაცვის მხარედ, პროკურატურა ბრალდების მხარედ ითვლება. სასამართლოში გაგვაჩნია თანაბარი უფლებები. არ ვართ უფლებამოსილები, დაცვის მხარეზე მაღლა ვიდგეთ“.

გოდერძი კუბლაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთ საკითხზე იდავა. ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის გამო, კუბლაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის წინ შიმშილობა დაიწყო, რამდენიმე დღეში კი შეწყვიტა.
| Print |