სამართალი
პირებს, რომლებმაც მამაკაცს საკუთარი საფლავი გაათხრევინეს, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს, 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. დამნაშავედ ცნო.

„გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კ.პ და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში კუკური პლაჭიაშვილსა და მის მეგობარს ირაკლი გოგალაძეს ძალადობასა და იძულებით საკუთარი ხელით საფლავის გათხრაში მანუჩარ მურადაშვილი ადანაშაულებდა.
| Print |