სამართალი
ნარჩენების დაწვის გამო, ნინოწმინდის მერია დააჯარიმეს
ფოთლებისა და ხმელი ბალახის ღია წესით წვის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნინოწმინდის მერია დააჯარიმა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი ცხელ ხაზზე (153) შესული ინფორმაციის საფუძველზე გამოავლინეს. 

"ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის მიერ, ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში დასუფთავების აქცია მოეწყო. ღონისძიების მონაწილეებმა, პარკის ნარჩენები (ფოთლები, ხმელი ბალახი, ტოტები) შეაგროვეს და ღია წესით დაწვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ოქმი ნარჩენების მართვის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით".

მერის მადგილე არტავაზდ ტონოიანი აცხადებს, რომ ნარჩენები მათ არ დაუწვამთ. 

''არ ვიცით ვინ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. ხალხის გაფრთხილება გვინდოდა, რომ არ დაეწვათ ნარჩენები, მაგრამ როცა ადგილზე მივედით, უკვე გვიანი იყო, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია", - აცხადებს ნინოწმინდის მერის მოადგილე არტავაზდ ტონიანი.

შემთხვევა ნინოწმინდაში 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს მოხდა, როცა თვითმმართველობის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა მერი, მისი მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
ფოტოები ნინოწმინდის მერიისა და საკრებულოს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.
| Print |