სამართალი
დაჭრილი სახლში გაწერეს, ბრალდებულს ეძებენ
აბასთუმანში მომხდარი ინციდენტის შედეგად  დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ დაპირისპირების შედეგად დაჭრილ მამაკაცს მხარზე ორი ჭრილობა აქვს, გაუწიეს სამედიცინო დახმარება და დაახლოებით ორ საათში სახლში გაწერეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის და მხრის არეში. ჭრილობა არის შემავალი და გამჭოლი. რენდგენოგრაფიით ძვლის დაზიანება არ დგინდება, ჩაუტარდა ქირურგიული მომსახურება"
, – აცხადებს კლინიკის ქირურგი შოთა ქუფარაშვილი. 

კურცხანას ხეობაში დაპირისპირება დაახლოებით დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაპირისპირების  შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, მეორე კი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Tv9news.ge-ს ინფორმაციით, დაპირისპირება მხარეებს შორის დაგვიანებულ და გაუცემელ ანაზღაურებას მოყვა. გარდაცვლილისგან, მკვლელობაში ბრალდებული, მუშებისთვის სახელფასო თანხის მიცემას ითხოვდა. საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც მოგვიანებით სროლა მოყვა. 

გარდაცვლილი ახალგაზრდა ახალციხელია, დაჭრილი კი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ცხოვრობს, რაც შეეხება ბრალდებულს ის აბასთუმნის მკვიდრია.

მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

| Print |