სამართალი
აბასთუმანში მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ
აბასთუმანში, ერთი პირის მკვლელობასა და მეორეს დაჭრაში ბრალდებულს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. საპოლიციო კონტროლი აბასთუმანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლები ყველა ავტომობილს აჩერებენ და ათვალიერებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აბასთუმანში, კურცხანას ხეობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ექსპერტიზის ბიუროდან ახალციხეში, სახლში გადაასვენეს.

სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის მარჯვენა ზედაპირზე, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

რაც შეეხება დაჭრილს - მას პირველადი დახმარება ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს და უკვე გაწერეს. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა ხელზე ჰქონდა.

მკვლელობაში ბრალდებული აბასთუმნის მკვიდრია, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გაისროლა.

სავარაუდოდ, საქმე ეხება აბასთუმანი-საირმეს დამაკავშირებელ შემოვლითი გზის მშენებლოას, რომელიც კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილსა და ბრალდებულს უთანხმოება სამუშაოების საკითხზე მოუვიდათ.

| Print |