სამართალი
რა გახდა აბასთუმანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი - ექსკლუზიური ინტერვიუ ლეა დედიაშვილთან

აბასთუმანში მოკლული დავით მელიქიძის პარტნიორი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება გამოიწვია. შპს ,,დევუდის“ დირექტორი იხსენებს, რომ კონფლიქტი ორ კომპანიას შორის დაახლოებით, ორი თვის წინ დაიწყო. ლეა დედიაშვილის თქმით, კონტრაქტორმა კომპანიამ, ,,ხმა გაავრცელა ყველგან, ვითომ ეს საქმე მათი იყო და დათომ ,,დაახია“.

ლეა დედიაშვილი www.tv9news.ge -სთან აცხადებს, რომ შპს „დევუდმა“ ტენდერში მონაწილეობა მიიღო, კონტრაქტორ ფირმა ,,ჯეუ გრუპს“ სამუშაოებში მეოთხედი ფასი შესთავაზა და ,,ლიდერ გრუპის“ მსგავსად, ,,ჯეუ გრუპში“ ისიც გასაუბრებაზე დაიბარეს. საქმე ,,დევუდმა“ მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ ,,ლიდერ გრუპი“ ადგილობრივი კომპანია იყო, საქმის განსახორციელებლად დავით მელიქიძემ ხელშეკრულება მასთან გააფორმა.

,,მუშაობა რომ დააწყებინა, მაგათ დასაწყები ფულიც არ ჰქონდა, 6 500 აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულებაშიც გვიწერია, დათომ წინასწარ მისცა, ადგილობრივები არიან და სამუშაო არ აქვთ, ბარემ ადგილობრივებს ვამუშავებო, მაგრამ დათოს ეგ თანხა ჯერ აღებული არ ჰქონდა, ყველა გაწეული სამუშაოს თანხა გადარიცხულია და ამის დოკუმენტაცია არსებობს. მხოლოდ ბოლო სამუშაოს ფული აღარ გადაურიცხა, რადგან მუქარები რომ წამოვიდა, თქვა, ეს 6 500$ დაიკარგებაო. ასე რომ, მათზე არაფერი გვქონდა მისაცემი“.

ლეა დედიაშვილი ირწმუნება, რომ შპს ,,დევუდი“ არავის ედავებოდა. მისი აზრით, ბაღდოშვილების კომპანიას მათთვის საქმის წართმევა უნდოდა. კომპანია „დევუდის“ დირექტორის თქმით, ,,იმუქრებოდნენ, აბასთუმნის ტყეში არავის შევუშვებთო. ერთ დღესაც დათოს გამოუცხადეს, შენ აქ არავინ ხარო, არადა ხელშეკრულება ოფიციალურად იყო გაფორმებული. გამოძიებას ყველა საბუთს წარვუდგენ. ისინი თვითონ არ უხდიდნენ მუშებს, ჩვენ ყველა გადარიცხვა გაკეთებული გვაქვს. დათო კომპანიას ურიცხავდა და მას უნდა გადაერიცხა მუშებისთვის თანხა“.

,,დევუდის“ დირექტორის თქმით, ვითარება განსაკუთრებით, ერთი-ორი თვის წინ დაიძაბა, რის გამოც დავით მელიქიძე ხის მჭრელებსაც შეხვდა. ,,თავიდან ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი, თუმცა ერთ დღესაც მუშებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ იმ კომპანიის მუშები ტყიდან ჩამოცვივდნენ და გვცემესო“.

ლეა დედიაშვილის თქმით, ამის შემდეგ დაიწყო მუქარის შემოთვლები, რის გამოც დავით მელიქიძემ იარაღის გაფორმება და კომპანიის დაცვაზე აყვანა გადაწყვიტა.

,,საფრთხე დიდი იყო, ისინი იარაღებით დადიოდნენ. შიში ჰქონდა თუ არა დათოს, ვერ გეტყვით, მაგრამ საფრთხეს ალბათ გრძნობდა, რადგან აბასთუმანში ყოველი ასვლა მისი ჩხრეკვით მთავრდებოდა, მაგრამ იარაღი არ ჰქონია. იმასაც დავამატებ, რომ უნდოდა თავდაცვის მიზნით იარაღი ოფიციალურად გაეფორმებინა, წინა დღით ფსიქოც აიღო, შეგიძლიათ ესეც გადაამოწმოთ, მაგრამ გამოცდაზე სამშაბათამდე გასვლა არ იყო“.

ლეა დედიაშვილის თქმით, მეორე მხარე ცდილობს, ხმა გაავრცელოს, თითქოს ორივე მხარეს ჰქონდა იარაღი. რაც შესაძლოა საქმის გადაკვალიფიცირების მიზეზი გახდეს.

,,დათო შეიარაღებული არ ყოფილა, არ დავუშვებ, რომ საქმე გადააკვალიფიცირონ, რადგან ,,კრიშა“ ჰყავთ. მათ ძალიან ისარგებლეს ჩვენი მდგომარეობით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დათო შეიარაღებული არ იყო და მათ თავდაცვის მიზნით არ უსვრიათ. მათგან საფრთხეს ელოდა, რადგან მუშები უცემეს. ამიტომ მუშების უსაფრთხოებისთვის, დაცვა აიყვანა, მაგრამ ისინი ტყიდან ჩამოვარდნენ და ცეცხლი გაუხსნეს“.

ის ფაქტი, რომ მელიქიძესა და ბაღდოშვილს შორის დაპირისპირება თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ამის შესახებ აბასთუმნელებიც საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილსა და ბრალდებულს უთანხმოება სამუშაოების საკითხზე მოუვიდათ, რა დროსაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გაისროლა.

,,ბოლო ორი თვეა თითქმის, რაც მესმოდა, რომ კომპანია ფულს არ აძლევდა ბრალდებულს. რამდეჯერმე სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არადა ამ ბიჭს ბრიგადა ჰყავდა და მუშებს ხელფასს ვერ აძლევდა. მუშები თანხას ბრალდებულს, ბრალდებული კი გარდაცვლილს თხოვდა. კამათიც აქედან დაიწყო“ -აცხადებენ აბასთუმანში.

ლეა დედიაშვილს ტრაგედიის დღის გახსენება უჭირს. ინცინდენტი 23 პრილს მოხდა. საქმე ეხება აბასთუმანი-საირმეს დამაკავშირებელ შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს. „მეორე კომპანიის მუშები ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს გვამუშავეთო, დათოც დათანხმდა, იფიქრა ადგილობრივები არიან და რატომაც არაო, ის კომპანია არ უხდიდა მუშებს ხელფასს, ჩვენ მათ მუშებსაც შევხვდით და ვუთხარით, თუ თანხას არ გიხდიან ჩვენთან იმუშავეთ და ჩვენ გადაგიხდითო, მათ ისიც კი გვითხრეს, ვის რამდენი გვაქვს ასაღები ეგეც აღარ ვიცითო“.

მესამე დღეა რაც მკვლელობაში ბრალდებულს სამართალდამცველები ეძებენ. საპოლიციო კონტროლი გამკაცრებულია დაბა აბასთუმანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია ყველა სატრანსპორტო საშუალებას ამოწმებს. პირი, რომელმაც ერთი ადამიანია მოკლა, მეორე კი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული აბასთუმნის მკვიდრია.

გარდაცვლილი 34 წლის დავით მელიქიძეა, დაშავებული კი მისი მეგობარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მარჯვენა მკლავზე ესროლეს. ლია დედიაშვილს ისიც აინტერესებს, დაიწყება თუ არა გამოძიება ბრალდებულის მიმართ სახელმწიფო ქონების განადგურების მუხლითაც, რადგან ,,როცა მიხვდნენ, რომ ამით დათოს ვერაფერს დააკლებდნენ, ხე-ტყის ჩეხვა და სახელმწიფო ქონების განადგურება დაიწყეს“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
| Print |