სამართალი
ხერთვისთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
დღეს, 28 აპრილს, ასპინძის სოფელ ხერთვისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 21:00 საათზე 40 წლამდე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის მიზნით, ცხედარი ახალციხეში გადმოასვენეს. სიკვდილის მიზეზის დადგენას დავით მერაბიშვილი შეეცდება. მისი თქმით, ექსპერტიზა ახლა უნდა დაიწყოს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილი 39 წლის მამაკაცია, რომელსაც მანქანა დაეჯახა და მიიმალა.

''მამაკაცს აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის, გულ-მკერდის და მუცლის. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მამაკაცის ადგილზე გარდაცვალება გამოიწვია'', - აცხადებს დავით მერაბიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |