სამართალი
კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილი ორი ჯარიმა პოლიციამ თავადვე გააუქმა - ადვოკატი
სამართალდამცველების მიერ, ე.წ. კომენდანტის საათისთვის გამოწერილი ორი ჯარიმა პოლიციამ თავადვე გააუქმა. დაჯარიმებულთა ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ საქართველოში პრეცედენტი შეიქმნა და საქმე სასამართლომდე არ მივიდა.

„ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას ყოველთვის, არ აკმაყოფილებენ საჩივარს, რადგან თავიანთი დაწერილია ჯარიმა და ხომ არ იტყვიან რომ შევცდითო. ჩვენი საჩივრის საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელმა დადგენილებით გააუქმა ჯარიმა. საფუძვლად მიუთითა, რომ დაცვის მხარეს სწორი შენიშვნა და არგუმენტები ჰქონდა. კოლეგებთან გავიკითხე და მგონი, საქართველოს მასშტაბით პირველია. ამის გამო გურამ ზესაშვილს მადლობას ვუხდი“, - ამბობს ნუგზარ სამარჯიშვილი.

საქმე ეხება 2021 წლის 31 იანვარს გამოწერილ ჯარიმას, რითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლით დააჯარიმა. ისინი ქუთაისიდან ბრუნდებოდნენ, სადაც სოფლის პროდუქტების გასაყიდად იმყოფებოდნენ.

როგორც თავად ჰყვებიან, როცა მიხვდნენ, რომ 21:00 საათამდე ოჯახში დაბრუნებას ვერ მოასწრებდნენ, ასპინძაში მანქანა გააჩერეს და ერთჯერადი საშვის მოსაპოვებლად 144-ზე დარეკეს. თუმცა ადვოკატის თქმით, ორივე პირი პოლიციამ 2 000 - 2 000 ლარით დააჯარიმა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა გადაადგილების უფლება. მოქალაქეებმა ჯარიმა გაასაჩივრეს.

| Print |