სამართალი
ჩემი შვილის მეგობრებმა სახლთან მითიეს, რომ პოლიციას "ლიმონკა" არ ჩაედო - დაკავებულის მამა
სოფელ უდეში დაკავებული 28 წლის გოჩა აზირაშვილის სასამართლო პროცესი 9 ივნისს, 16:00 სთ-თვის დაიწყება. საქმეს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი განიხილავს. ოჯახის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, დაცვის მხარე საქმის შეწყვეტას ითხოვს. ადმინისტრაციული დადგენილების შემთხვევაში აზირაშვილები მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

საქმის განხილვამდე დაკავებულის მშობლებმა საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი ადიგენის პოლიციის უფროსს თამაზ ფაილოძესა და მის თანამშრომლებს შვილის დევნასა და ცემაში ადანაშაულებენ. სწორედ ამიტომ, შოთაძის უწყებისგან სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაკავებულის მამა, მალხაზ აზირაშვილი ირწმუნება, რომ მის ოჯახზე პოლიციის მხრიდან ზეწოლის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მისივე მტკიცებით, სამხარეო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის თეიმურაზ კალანდაძის დაწყებული საქმე ახლა ადიგენის პოლიციის უფროსმა თამაზ ფაილოძემ თანამშრომლებთან ერთად შეითავსა.

გოჩა აზირაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით არის დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

აზირაშვილების მტკიცებით, ადიგენის პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე ახალგაზრდა მამაკაცს რეგიონის დატოვებას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრება. ოჯახი იმასაც ირწმუნება, რომ მათი შვილი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია. ის ,,ქართულ ოცნებას" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მოპოვებაში ეხმარებოდა. მოგვიანებით კი ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყო.
| Print |