სამართალი
ასეა გადაფატრული, მუცელზე ორი ზოლი აქვს - უდეში სახელმწიფო ინსპექტორი ჩავიდა
ადიგენის სოფელ უდის მაცხოვრებელზე პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და ცემის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები აზირაშვილების ოჯახი პოლიციას ძალადობაში მესამე დღეა ადანაშაულებს. დედა ეკა აზირაშვილმა აღნიშნა, მისი შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ადგილობრივი პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე კი ხელყუმბარისა და ნარკოტიკების "ჩადებით" დაემუქრა. 

ოჯახის ადვოკატი მუხრან ღურწკაია სამართალდამცველებს მოუწოდებს, შესაძლო დანაშაულის ფაქტები სრულად გამოიძიონ. ასევე დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, რომელსაც აზირაშვილები ასახელებენ. მათ შორის ადიგენის პოლიციის უფროსს თამაზ ფაილოძეს, ზვიად ბალახაშვილს, ირაკლი გორგოძესა და განყოფილების 15-მდე თანამშრომელს.

მუხრან ღურწკაიას თქმით, 28 წლის მამაკაცზე ჯამში 18-მა პირმა ფიზიკურად იძალადა.  ,,საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა პოლიციელების განმარტებისა, თითქოს-და რაიმე სახის წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად, დაცვის მხარემ პროცესის გადადება მტკიცებულებების წარმოსადგენად მოითხოვა" - აღნიშნავს უფლებადამცველი. 

რაც შეეხება ოჯახს, გოჩა აზირაშვილის მამის თქმით, ,,ასეა გადაფატრული, მუცელზე ორი ზოლი აქვს, გასაზიზღრებულად 15-20 წუთი მცემდნენო, არ გავჩერდები, ან სიკვდილი ან ახალგაზრდებს ეს უღელი უნდა გადავხადო ერთხელ და სამუდამოდ, დავიღალე შვილებო, 7 წელია ამ დღეში ვარ" - ამბობს მამა მალხაზ აზირაშვილი. 

ადიგენში სახელმწიფო ინსპექტორი ჩავიდა, რომელმაც გოჩა აზირაშვილი და მისი ოჯახის წევრები გამოკითხა.

| Print |