სამართალი
ახალციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ ვალეში, მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე, მოქალაქე აკრძალულ პერიოდში აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობდა.

"ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნება", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 158 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
| Print |