სამართალი
ლექსო ლაშქარავას სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რომელიც ლეტალობისთვის საკმარისია - შს მინისტრის მოადგილე
„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, გვაქვს მონაცემები, რომელშიც მითითებულია, რომ ლექსო ლაშქარავას სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რომელიც ლეტალობისთვის საკმარისია“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ტელეკომპანია ,,იმედში" საუბრისას.

მისივე თქმით, ექსპერტების მუშაობა გრძელდება და დასკვნები წინასწარ ვერ გაკეთდება.

„რა თქმა უნდა, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება, გაეცნოს. მათ დაქირავებული ჰყავთ დამოუკიდებელი ექსპერტი თავიანთი ინტერესების დასაცავად და მასაც აქვს საშუალება, გაეცნოს ექსპერტიზის დასკვნას. აქ საუბარია კონკრეტული ნარკოტიკების შემცველობაზე, რომელიც დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, არის ლეტალობის გამომწვევი. კონკრეტულად რამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, იყო თუ არა ეს ზედოზირების შედეგი, თუ იყო სხვა ფაქტორებით გამოწვეული, ექსპერტიზა გრძელდება, საბოლოო დასკვნა დაიწერება, თუმცა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გვაქვს მონაცემები, რომელშიც მითითებულია, რომ მის სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რაც ლეტალობისთვის საკმარისია“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 5 ივლისს ოპერატორს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

11 ივლისს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.
| Print |