სამართალი
ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე) - საპატრიარქო
ბორჯომში, სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი ლევან ნამგალაძის საქმეზე სასულიერო პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს. გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ

,,ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

▪️ ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე,

▪️ მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი".


ტვ პირველის ინფორმაციით, ლევან ნამგალაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი, პოლიციას თავად ჩაბარდა. კრიმინალური ავტორიტეტი და მამა ანტონი ბაშვობის მეგობრები იყვნენ და მათ წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ რაც სასულიერო პირმა კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრა, საავადმყოფომდე თავად მიიყვანა.
ერთ-ერთი ვერსიით, იარაღიდან გასროლა ლევან ნამგალაძემ განახორციელა, ხოლო შემდეგ ის სასულიერო პირმა დაჭრა. გასროლის ხმა რომ გაიგონეს ადგილობრივებმა, ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომში ,,მეცხრე არხსაც" დაუდასტურეს.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტლის" სამედიცინო ცენტრში, 6 აგვისტოს, გამთენიისას დაჭრილი მოქალაქე კისრისა და მხრის მრავლობითი ჭრილობებით შევიდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
| Print |