სამართალი
სასამართლოს განჩინების მიუხედავად, ახალციხის საკრებულომ აპარატის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
პოზიციაზე, რომელზეც საკრებულოდან გათავისუფლებული თამარ აბულაძე მუშაობდა, ახალციხის საკრებულომ დახურული კონკურსი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა მოქმედ მოხელეებს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შეუძლიათ. კონკურსი 25 სექტემბერს სრულდება. შერჩეულ კანდიდატს 12-თვიანი გამოსაცდელი ვადით მიიღებენ.

სამსახურიდან გათავისუფლებული თამარ აბულაძის ადვოკატი ამბობს, რომ ეს კანონდარღვევაა, რადგან ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 20 სექტემბერს მიიღო განჩინება, რომელიც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუდმივ შტატზე თანამშრომლის დანიშვნას უკრძალავს.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკურსი მანამ გამოაცხადეს, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა. დღეს კი თვითმმართველობამ მოსამართლეს თავისი არგუმენტები გადაუგზავნა. გელა ნოზაძის თქმით, თუ სასამართლო დაავალდებულებს, კონკურსს შეწყვეტენ.

სასამართლოს მიმართა ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილმა იურისტმა, თამარ აბულაძის დამ, მარინე აბულაძემაც. მოსამართლემ მის შემთხვევაშიც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მის თანამდებობაზე მუდმივ შტატზე თანამშრომლის დანიშვნა აკრძალულია.

შეგახსენებთ, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის დედა და დეიდა სამსახურებიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. დები ამბობენ, რომ სამსახურიდან წასვლა ბესიკ ამირანაშვილმა მოსთხოვა, მათი უარის შემდეგ კი ორივემ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიიღო.

| Print |