სამართალი
ვალეში ფერმერებს ყანიდან ყვავილოვანი კომბოსტო მოპარეს
ვალეში ნასყიდაშვილებს ყვავილოვანი კომბოსტო მოჰპარეს. ფერმერებს ბოსტნეული ნაკვეთიდან აუჭრეს. ნათია გოზალიშვილი ამბობს, რომ დაახლოებით, 500 კგ. გასაყიდად გამზადებული კომბოსტოა წაღებული.

ფერმერი გვიყვება, რომ ბოსტნეულის გაყიდვას აპირებდნენ, ამიტომ საღამოს შეფუთეს, დილით კი მოპარული დახვდათ. ზარალმა დაახლოებით, 2 000 ლარი შეადგინა. 

ნათია გოზალიშვილი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი იქირავეს და კომბოსტო ბანკიდან აღებული სესხით მოიყვანეს. შემოდგომით მის გაყიდვას და ვალების დაფარვას აპირებდნენ, თუმცა სარეალიზაციოდ ბოსტნეული აღარ აქვთ.

ოჯახმა ადგილობრივ პოლიციაში განცხადება დაწერა. შსს-ში ამბობენ, რომ ქალმა საჩივარი უკან გაიტანა, ამიტომ გამოძიება აღარ დაწყებულა. განცხადების უკან გატანის მიზეზი ვკითხეთ ნათია გოზალიშვილს - დაზარალებული ამბობს, რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, ყვავილოვანი კომბოსტოს ქურდს კი თავად მოძებნის.

„გამოძიება არ დაიწყო, მეც არ ვიცი რატომ. საჭიროებამ ეგრე მოითხოვა და ასე მოვიქეცი. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მე თვითონ გამოვიძიებ“.

ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვალეში ბოსტნეულს იპარავენ. ათამდე ოჯახი ამბობს, რომ წელს ყვავილოვანი კომბოსტო მათაც მოჰპარეს.

| Print |