სამართალი
აუდიტის სამსახურმა ახალციხის სასამართლოს განჩინების აღსრულება მოსთხოვა
ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თამარ აბულაძემ და მისმა ადვოკატმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ საკრებულომ აღასრულოს ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება და შეწყვიტოს აპარატის უფროსის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი. წარმომადგენლობით ორგანოში კი ამბობენ, რომ კონკურსის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

განჩინებაში წერია, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, საკრებულომ აპარატის უფროსის პოზიციაზე, მუდმივ შტატზე არ უნდა დანიშნოს თანამშრომელი.
დახურულ კონკურსში მონაწილეობის მიღება მოქმედ მოხელეებს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შეეძლოთ. საბუთების შეტანის ვადა 25 სექტემბერს ამოიწურა, კონკურსში ორი განაცხადი შევიდა. შემდეგი ეტაპი დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრებაა, რის საფუძველზეც ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელი შეირჩევა.

შეგახსენებთ, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის დედა და დეიდა სამსახურებიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. დები ამბობენ, რომ სამსახურიდან წასვლა ბესიკ ამირანაშვილმა მოსთხოვა, მათი უარის შემდეგ კი ორივემ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიიღო.

სასამართლოს მიმართა ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების" ყოფილმა იურისტმა, თამარ აბულაძის დამ, მარინე აბულაძემაც. მოსამართლემ მის შემთხვევაშიც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მის თანამდებობაზე მუდმივ შტატზე თანამშრომლის დანიშვნა აკრძალულია.
| Print |