სამართალი
პოლიციამ ახალციხეში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გამო ერთი პირი დააკავა
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ზ.ჯ. ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ახალციხის გარდა თბილისში, მარნეულსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, სულ დააკავეს 3 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |