სამართალი
საქართველოს მთავრობა მოხის მეჩეთის მოსარჩელეებს 9 300 ევროს გადაუხდის
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ თეიმურაზ მიქელაძეს 3900 ევრო, ხოლო ოთარ მიქელაძეს, მალხაზ და გოჩა ბერიძეებს სათითაოდ 1800-1800 ევრო უნდა გადაუხადოს.

ოთხივე მათგანის უფლებებს სტრასბურგში ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) იცავდა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სოფელ მოხის მკვიდრთა მამა-შვილ თეიმურაზ და ოთარ მიქელაძეებისა და სოფელ დერცელში მცხოვრებ მალხაზ და გოჩა ბერიძეების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი.

სტრასბურგი წერს, რომ ოთხივე მომჩივანის მიმართ დადგინდა მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ასპექტის დარღვევა როგორც დამოუკიდებლად, ასევე მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით.

ამასთან, სასამართლო ადგენს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევას. სხვა სამი აპლიკანტის მიმართ მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევა არ დადგენილა.

რა მოხდა 2014 წელს მოხეში?

მოხეში ვითარება 2014 წელს მაისის ბოლოს დაიძაბა, რა დროსაც სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.

რამდენიმე კვირაში მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ „სადავო ქონება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მხოლოდ „საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“ შეიძლება გამოიყენოს.

იმავე შემოდგომაზე, 2014 წლის 18 ოქტომბერს, შენობის დემონტაჟი დაიწყეს. ეს მაშინვე გააპროტესტეს ადგილობრივმა მუსლიმებმა. შედეგად მშენებლებმა — ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლებმა — სოფელი დატოვეს.

ამას, თავის მხრივ, ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას.

ამასობაში საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩაერთო: ახალციხის და ტაო-კლარჯეთისა ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.

2014 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დემონსტრანტი მუსლიმების წინააღმდეგ, — რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, – პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მათი უფლებები. ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა.


ასევე შეგიძლიათ ნახოთ:

მოხეს საქმეზე ბრალდებული დაზარალებულად, პოლიციელები კი ბრალდებულებად ცნეს

250 ლარიანი ჯარიმა მოხეში დაკავებულ 11 მუსლიმს

კომისიის გადაწყვეტილებას მოხელი მუსლიმები განცხადებით ეხმაურებიან
| Print |