სამართალი
ახალციხის ბაღიდან აღმზრდელის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ორი ბრძანება გააბათილა. პირველის საფუძველზე პირველი ბაგას აღმზრდელ მარინე ლალუაშვილს საყვედური გამოუცხადეს, მეორე ბრძანებით კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა. მარინე ლალუაშვილი აღმზრდელად 35 წელი მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მას პირველი საყვედური მიმდინარე წლის მარტში დაუწერეს, ივნისში კი კონფლიქტური სიტუაციების შექმნის მიზეზით გაათავისუფლეს.

მის ინტერესებს ადვოკატი ნინო დემეტრაძე იცავს.

„მოპასუხე მხარის არგუმენტი გახლდათ ის, რომ კოლექტივში არასასიამოვნო ურთიერთობებისთვის, პრობლემური სიტუაციების შექმნისთვის, შინაგანაწესის დარღვევისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გათავისუფლებულიყო მარინე ლალუაშვილი. მე სასამართლოს წინაშე დავაყენე საკითხი, რომ თუ არსებობდა რამე მტკიცებულება, რომ ამ წლების განმავლობაში ქალბატონი მარინა ბავშვის ან თანამშრომლების მიმართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, მხარეს წარმოედგინა, მაგრამ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რადგან არც არსებობდა“, - ამბობს ნინო დემეტრაძე.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით და აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - ამბობს დირექტორი მარინა მერაბიშვილი.

ახალციხის რაიონული სასამართლო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომლის საქმეს განიხილავს. იურისტი მარინე აბულაძეც სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ის ამბობს, რომ სამსახურიდან შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასთან ერთად გაათავისუფლეს, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსი იყო.

დები 24 აგვისტოს მხარის გუბერნატორმა დაიბარა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი,მეორე დღეს ორივე დას გათავისუფლების ბრძანებები გაუგზავნეს.

მარინა მერაბიშვილი უარყოფს, რომ იურისტი ამ მიზეზით გაათავისუფლა, თუმცა რა გახდა სამსახურიდან გაშვების საფუძველი, არ აკონკრეტებს. სასამართლომ კი მიიღო განჩინება, რომელიც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, მუდმივ შტატზე თანამშრომლის დანიშვნას უკრძალავს.

| Print |