სამართალი
ახალციხის ბაღების გაერთიანებას კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი უჩივის
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ქალაქ ვალეს #1 საბავშვო ბაღის თანამშრომლის სამოქალაქო სარჩელი, სადაც ლატავრა ჯანაშვილი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

მომჩივანი საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწედ 2012 წლიდან მუშაობდა, მიმდინარე 15 სექტემბერს კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის ადგილზე მალევე დანიშნეს სხვა პირი, ამიტომ ეჭვი აქვს, რომ სამსახურიდან ამის გამო გაათავისუფლეს. 

მოსარჩელის ადვოკატი ეკა აბაშიძე ამბობს, რომ ბრძანებაში არ არის დაზუსტებული, რის გამო გაუშვეს ქალი სამსახურიდან. გვიყვება, რომ ლატავრა ჯანაშვილი საზაფხულო არდადეგების შემდეგ, სამსახურში სამ სექტემბერს დაიბარეს. ამ დროს ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, საიდანაც ხელმძღვანელს გამოუგზავნა დოკუმენტი,რომელიც მის ორსულობას ამტკიცებდა.

„ბრძანებაში გათავისუფლების არგუმენტად ჩამოყალიბებულია სამი სექტემბრის ურთიერთობიდან გამომდინარე. რას
გულისხმობს ეს, ხელმძღვანელი ვალდებულია დაასაბუთოს. თუ სამ სექტემბერს არ გამოცხადდა სამსახურში, უნდა გარკვეულიყო საპატიოდ ითვლებოდა თუ არა მისი მდგომარეობა, რამდენად შესაძლებელი იყო ერთი დღით სამსახურში არგამოცხადება საფუძველი გამხდარიყო თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების, როცა 2012 წლიდან მუშაობს და ერთი გაფრთხილებაც არ აქვს მიღებული“,
- ამბობს ეკა აბაშიძე.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ლატავრა ჯანაშვილის საქმის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მარინა მერაბიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს მიმდინარეობას დაელოდება.

„ეს თანმდევი პროცესია, მუშა პროცესია, ამიტომ ამაზე კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ“.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოს გზით ცდილობს სამსახურში აღდგენას. განხილვაშია იურისტის, მარინე აბულაძის საქმე, პირველი ბაგას აღმზრდელის მარინე ლალუაშვილის საქმეზე კი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის სამსახურში აღადგინა.

| Print |