სამართალი
ელექტროდენით თევზჭერა სისხლის სამართლით პასუხისგებას გამოიწვევს
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასევე ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით თევზჭერა პირველივე შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. სასჯელის ზომად გათვალისწინებული იქნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ვადით 320-დან 400 საათამდე) ან თავისუფლების აღკვეთა ვადით - ექვს წლამდე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

უწყების განმარტებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანონო თევზჭერის ფაქტები - განსაკუთრებით, აკრძალული იარაღებით თევზჭერა, რაც გარემოს და ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ხოლო არსებული სანქციები ამ უკანონო ქმედებების სათანადო პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, არ არის დიფერენცირებული სანქციების სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებისთვის.

“საჭიროა აღნიშნული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება. მითითებული ქმედება ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს. როგორც პრაქტიკაში გამოჩნდა, მოქმედი სანქცია სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს და საჭიროებს გამკაცრებას ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
| Print |