სამართალი
ხუთი პირის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
ახალქალაქში ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს. 42 წლის სასურ მარტიროსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. 

დაკავებულის სოფელ კაჭიოში სამართალდამცველები დღესაც იმყოფებოდნენ. მათ აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა დაკავებულ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები. 

ახალქალაქში შუახნის მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის ოჯახს სხვადასხვა სახის ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის 10 თვის ბავშვიც. მიზეზად შურისძიება სახელდება. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

დაზარალებულების ოჯახის წევრის თქმით, ბრალდებული ძალადობის გამო იყო დაკავებული და ციხიდან ახალი გამოსულია.

როგორც ახლობელი აცხადებენ, დაახლოებით 2 წლის წინ ბრალდებულსა და მის ცოლს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც სიმამრმა დარეკა პოლიციაში და სწორედ ამის შემდგომ დააკავეს შუახნის მამაკაცი. სავარაუდოდ, ეს შემთხვევა გახდა გუშინდელი დანაშაულის მოტივიც.

,,ცოლის ცემის გამო ორი წელი ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნდა და მეხუთე დღეს ეს დანაშაული ჩაიდინა," - აცხადებენ ადგილობრივები.

რაც შეეხება დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას, 5-დან სამი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის 10 თვის ბავშვის. დედა და შვილი რჩებიან ახალქალაქის საავადმყოფოში. რაც შეეხება ბრალდებულის სიდედრსა და სიმამრს, მათი მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რის გამოც გვიან ღამით, თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

,,ღია ჭრილობები ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ადგილზე. მათგან 2 მძიმე პაციენტი იყო, რომელთაც სპეციალიზირებულ კლინიკაში დახმარება ესაჭიროებოდათ, რის გამოც გამოძახებული იქნა კატასტროფის ბრიგადა და გადაყვანილნი არიან თბილისში. სიცოცხლისთვის საშიში არცერთი ჭრილობა არ იყო, კიდურების არეში ჰქონდათ ძირითადად დაზიანებები. შემავალი ჭრილობები არ ყოფილა. ბავშვს ბარძაყის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - აღნიშნა ახალქალაქის საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა გია ეფრიკიანმა.

დამნაშავე დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

| Print |