სამართალი
ადიგენის სამი მკვიდრის გარდაცვალების შესახებ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
თბილისში, ვაზიანის დასახლებაში 35 წლის ქალი, მისი მეუღლე და დედა საკუთარ სახლში გარდაცვლილები ნახეს. წარმოშობით ადიგენის მკვიდრების შესახებ გარდაცვალების ვერსიად თავდაპირველად გაზის გაჟონვა დასახელდა. 

„გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგო, ქმარი და გოგონას დედა. წარმოშობით ადიგენიდან არიან, მოგვიანებით საცხოვრებლად წალკაში გადავიდნენ, ახლა უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობდნენ, რითი გარდაიცვალნენ ზუსტად ვერ გეტყვით, გაზმა გაჟონაო ამბობენ“, – გვითხრეს სოფელ ზარზმაში, სადაც თავდაპირველად ქალის ქმარი დ.ს. ცხოვრობდა.

რაც შეეხება შსს-ს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

| Print |