სამართალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს სააპელაციომ პატიმრობის ვადა შეუმცირა
ლევან ზურაბაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზურაბაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 15 ნოემბერს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურაბაშვილს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით ედებოდა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე – სსკ-ის 143-ე მუხლის შესაბამის პუნქტზე, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და საბოლოდ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციომ დაახლოებით 1 კვირის წინ გამოაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გეგმავენ, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.

2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არანამდვილი იარაღის მუქარით გააჟღერა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.

ამავე თემაზე: მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ლევან ზურაბაშვილი მოითხოვდა შემდეგს:

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება.“

publika.ge

ამავე თემაზე: ლევან ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა, ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი - ადვოკატი
| Print |